სეკურიტაზაციის პროდუქტის საშუალებით ბანკებს შეუძლიათ კიდევ უფრო გააიაფონ თავისი იპოთეკური სესხები და ამით, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცენ საშუალება სახლი ჰქონდეთ – ლევან წუწუნავა „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველი პარტნიორი
„პატარა ბანკებისთვის ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ახალი რესურსის მოტანის გარეშე შეძლონ თავისი აქტივები „დაატრიალონ“. მაგალითად, მათ ხომ აქვთ გაცემული იპოთეკური სესხები – გააკეთონ ამ იპოთეკური სესხების სეკურიტიზაცია, დამატებით შემოიტანონ რესურსი თავის ბალანსზე და გასცენ ახალი სესხები. ეს თუ არ გააკეთეს, ჩემი აზრით, სხვაობა დიდ ბანკებსა და პატარა ბანკებს შორის კიდევ უფრო გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, დიდი ბანკების ამას აუცილებლად გააკეთებენ. ანუ, თუ მათ მაგალითად, პორტფელი აქვთ 300 მლნ იპოთეკური სესხების, გააკეთებენ ამ 300 მლნ-ის სეკურიტიზაციას და ახალ 300 მლნ-ს შემოიტანენ ბანკში.
ორი ვარიანტია, რომ ლიკვიდობა გაიჩინო: ან უნდა წახვიდე და უცხოეთიდან, IFI-სგან ისესხო ფული, ანდა, გამოუშვა ასეთი პროდუქტი და ამ პროდუქტის საშუალებით მოიტანო რესურსები ბანკში. ჩემი აზრით, მინი ინვესტორებისთვის ბაზარზე კიდევ რაღაც-რაღაცებია საჭირო, რომ განვითარდნენ. მაგალითად, დღეს ბაზარზე ვერ ნახავთ საინვესტიციო ფონდს, რომელიც საცალო მომხმარებლისთვისაა. მაგრამ, არის საინვესტიციო ფონდები გათვიცნობიერებული ინვესტორებისთვის. გაუთვიცნობიერებელი ინვესტორებისთვის საჭიროა, რომ ყველა ამ ფონდს ჰყავდეს სპეც დეპოზიტარი. აქამდე, „თიბისი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ გარდა სპეც დეპოზიტარი არ იყო. ახლა კიდევ ახალი მოთამაშე „ხალიკ ბანკი“ გამოვიდა და იმედი გვაქვს, რომ ეს თემაც დალაგდება და შესაძლებელი გახდება ისეთი ფონდების ჩამოყალიბება, რომელიც განკუთვნილი იქნება საცალო ინვესტორებისთვის“ – აცხადებს კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველი პარტნიორი ლევან წუწუნავა.