Meta-ს პლატფორმები: Facebook, Instagram, Threads და სხვები – ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებით, ChatGPT-ით თუ Google-ით შექმნილ ფოტოებს სპეციალურ აღნიშვნებს დაამატებს. სოციალური პლატფორმების მომხმარებლებს აუდიო და ვიდეო ფაილების ატვირთვისას, ვალდებულება ექნებათ თავად მიუთითონ, რომ მასალის შექმნაში AI-ია ჩართული, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმები დაეკისრებათ – რა ტიპის, უცნობია.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, Meta განათავსებს სპეციალურ სიმბოლოს ნებისმიერ ფოტოზე, რომელიც ფაილში ერთი შეხედვით უხილავ AI ნიშნებს შეიცავს, რითაც Facebook-ის, Instagram-ისა და Threads-ის მომხმარებელს მიანიშნებს, რომ ფოტოები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში რეალური გვგონია, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ციფრულად იყოს შექმნილი.
იმ შემთხვევაში, თუ ციფრული კონტენტი თავად Meta-ს AI ხელსაწყოებითაა შექმნილი, კომპანია მას შესაბამის აღნიშვნას უკვე უკეთებს, თუმცა მომავალი კვირებიდან მსგავსი რეგულაცია გავრცელდება სხვა ხელსაწყოების, მათ შორის კომპანიების OpenAi, Microsoft, Adobe, Midjourney, Shutterstock და Google-ის პლატფორმებით შექმნილ ვიზუალიზაციებზეც.
Meta-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგია, რომელიც AI-ის ამოიცნობს, ჯერჯერობით ბოლომდე დახვეწილი არ არის, თუმცა კომპანია დარწმუნებულია, რომ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოებს მარტივად ამოიცნობს, ვიდეო და აუდიო კონტენტის შემთხვევაში კი საქმე უფრო რთულადაა და, სწორედ ამიტომ, შესაბამისი ტექნოლოგიის დახვეწა კვლავ მიმდინარეობს.