საქართველოში ყურძნის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.
იმპორტირებული ყურძენი 614%-ანი ფასნამატით იყიდება-ქსელურ მარკეტებში 1 კგ იმპორტირებული ყურძნის ღირებულება 22,50 ლარია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 5 067 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2022 წელს საქართველომ 4 111 ტონა ყურძნის იმპორტი განახორციელა, 2021 წელს 3 493 ტონის, 2020 წელს 2 335 ტონის და ა.შ.
გასულ წელს 5 067 ტონა პროდუქტი ქვეყანაში 5,910 მლნ აშშ დოლარად შემოვიდა, შესაბამისად 1 კგ იმპორტირებული ყურძნის ღირებულება საშუალოდ 1,17 აშშ დოლარია (გადასახადის გარეშე). ეროვნული ბანკის დღევანდელი კურსით, 1 კგ-ის ფასი დაახლოებით, 3,15 ლარი გამოდის. ეს მაშინ, როდესაც, ქსელურ მარკეტებში 1 კგ იმპორტირებული ყურძნის ღირებულება 22,50 ლარია. გამოდის, 1 კგ პროდუქტი მაღაზიებში 614%-ანი ფასნამატით იყიდება.
ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა:
- სომხეთი – 2 986 ტონა (2,813 მლნ აშშ დოლარი)
- თურქეთი – 739.8 ტონა (717.6 ათასი აშშ დოლარი)
- უზბეკეთი – 710.9 ტონა (1,117 მლნ აშშ დოლარი)
- ირანი – 487.2 ტონა (893.5 ათასი აშშ დოლარი)
- ნიდერლანდები – 82.4 ტონა (287.9 ათასი აშშ დოლარი)