თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ალეკო პაპავას განცხადებით, თაფლი დეფიციტური გახდა ,როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა დიდია, თუმცა საქართველოს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ გასულ წელს მეთაფლე ფერმერებმა რაოდენობრივად „ძალიან ცუდი“ მოსავალი მიიღეს, რომლის მიზეზადაც აკაციისა და წაბლის ყვავილობის პერიოდში უხვი ნალექები დასახელდა.
რაც შეეხება ფასებს, ერთი კგ ნატურალური ბრენდირებული თაფლის ფასი 8-9 დოლარიდან იწყება, ხოლო საბითუმო ფასი 4-5 დოლარის ფარგლებში მერყეობს. როგორც პაპავა განმარტავს, თაფლის ფასი, დიდი მოთხოვნისა და დეფიციტის გამო, 10-15%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარში ადგილობრივ ექსპორტზე 3 600 აშშ დოლარის ნატურალური თაფლი გავიდა, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში – 7 060 აშშ დოლარის. რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, 2024 წლის იანვარში ქართული თაფლი სრულად იაპონიაში გავიტანეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის იანვარში საქართველოში ნატურალური თაფლის იმპორტი არ განხორციელებულა.