„ერთადერთი მათი უპირატესობაა ფასი“ – თურქული იმპორტირებული პროდუქციის უპირატესობაზე ადგილობრივთან შედარებით, ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა ისაუბრა.
ბეჟიტაშვილის განცხადებით, ქართული პროდუქცია თურქულს ხარისხისა და ეკოლოგიის თვალსაზრისით, გაცილებით სჯობს, თუმცა ფასი არის ის, რითიც ის ადგილობრივ პროდუქციას სჯობნის.
„ხილ-ბისტნეულის დიდი ნაწილი ჩვენთან თურქეთიდან შემოდის. მთავარი პრობლემა კი სახნავ-სათესი სავარგულებია. ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რაზეც ყველა შემდგომი საკითხი უნდა აშენდეს. ჩვენ მცირე მიწიანი ქვეყანა ვართ და მცირე მიწაზე მოყვანილი მოსავალი ყოველთვის ძვირი ჯდება. ეს არის ელემენტარული.
უნდა იყოს რაც შეიძლება მსხვილი ფერმერული მეურნეობები, რათა მათ მიიღონ ახალ ინვესტიციებზე წვდომა და ახალი ტექნოლოგიები დანერგონ. ევროპასთან კონტაქტმა თურქეთს მოუტანა ახალი ტექნოლოგიები და სწორედ ამის მეშვეობით მოჰყავთ მათ პროდუქცია ისე, რომ თავისთვისაც ჰყოფნით და დიდი რაოდენობით ექსპორტზეც გააქვთ“ – განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.