ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა.
ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა წარადგინა.
ანგარიშში მიმოხილულია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.
იოსელიანის თქმით, სიღარიბე კვლავ რჩება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბავშვთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 5, 2 %-ით გაიზარდა. ასევე მაღალია ხანდაზმულთა შორის სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი.
„დადებითად უნდა შეფასდეს ხანდაზმულთა უფლებების ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა, თუმცა სტრატეგიულ დოკუმენტებში საკითხების ასახვაზე მეტად ამ მიმართულებით აქტივობების დროული განხორციელებაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.