რუბლი წინა პერიოდი ტენდენციას იზიარებს. გასულ კვირას ლარი გამყარდა. მაისის პირველ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.026 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.050-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.78%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის მეჩვიდმეტე სავაჭრო კვირას 0.38%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 2.00%-ითაა გამყარებული. აპრილის თვეში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.29%-ით იყო გამყარებული, რაც მარტში 4.29%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. თუმცა, კვირის მანძილზე ყველაზე მეტით კვლავ რუსული რუბლი გამყარდა, რამაც 2020 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. გასული კვირის ბოლო სავაჭრო დღეს ერთი დოლარი 67.955 რუბლი ღირდა. მიუხედავად იმისა, რომ რუბლი ბლუმბერგის პლატფორმაზე ივაჭრებდა რუსეთის ცენტრალური ბანკის და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ გაცვლა თავისუფალი არ ყოფილა მაისის პირველ სავაჭრო კვირას რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით, 5.27%-ით გამყარდა. წინა კვირას აღნიშნული 6.49% იყო. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე რუსული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 8.88%-ითაა გამყარებული. ეს კი, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის, ყველაზე მაღალი ნიშნულია.
რუბლი და ლარის შემდეგ, მცირედით, მაგრამ 0.03%-ით გამყარდა ევრო, ხოლო დანარჩენი ვალუტები გაუფასურდა. მაისის პირველ სავაჭრო კვირას ყველაზე მეტით, 5.69%-ით სომხური დრამია გაუფასურებული, რომელიც გასული კვირის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, წლის დასაწყისიდან დღემდე 1.57%-ითაა გამყარებული. ამის მიზეზი კი აპრილის თვეში სომხური დრამის 7.09%-იანი გამყარებაა. რუბლის შემდეგ მკვეთრი გაუფასურება კიდევ ერთ ევროპულ ვალუტას – ბრიტანულ სტერლინგს ახასიათებს. გასულ კვირას სტერლინგი, დოლართან მიმართებით 1.87%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას უფრო მეტი, 2.11% იყო. მიმდინარე წლის მეთვრამეტე სავაჭრო კვირას 0.66% და 0.66%-ებითაა გაუფასურებული მეზობელი და ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყნის – თურქეთის და იაპონიის ეროვნული ვალუტები.