ქოუჩინგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია ხდება და სპეციალისტების რაოდენობაც ეტაპობრივად იზრდება – ამის შესახებ, გადაცემა “საქმიან დილაში”, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს პრეზიდენტმა, გვანცა ბარაბაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ქოუჩინგი არ არის ლიცენზირებადი პროფესია, როგორც მაგალითად ფსიქოთერაპია და სხვა მსგავსი მომიჯნავე მიმართულებები, მაგრამ არსებობს ქოუჩინგის ოქროს სტანდარტები და ამ მიმართულებით საქართველოში კვალიფიციური განათლების მიღებაც უკვე შესაძლებელია.
“ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია აერთიანებს კვალიფიციურ, პროფესიონალ, პრაქტიკოს, სერტიფიცირებულ კადრებს, აქედან გამომდინარე სასწავლო კურსები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის აკრედიტირებული, კვალიფიციური განათლების მიღების საშუალებას იძლევა,” – აღნიშნა გვანცა ბარაბაძემ.
ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დაინტერესებული პირები თავად არჩევენ, სწავლის შემდეგ კარიერა გააგრძელონ როგორც პროფესიონალმა ქოუჩებმა, თუ მიღებული ცოდნა მათივე საქმეს, ბიზნესსა და ეფექტურ მართვას მოახმარონ.
ცნობისთვის, 16-22 მაისს, თბილისში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული ტარდება და მიზნად ისახავს დაინტერესებულ სტარტაპებს გააცნოს მენტორშიპის პრაქტიკები და ინსტრუმენტები. კვირეული, საერთაშორისო ფედერაციის წევრ 50-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება და მიმდინარე აქტუალურ თემებზე სასაუბროდ, ფაქტობრივად, ერთიანი სივრცე იქმნება.