პირდაპირი რეისი, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება, შესაძლოა ძალიან მალე რეალობად იქცეს. 2019 წელს პირველად დაანონსდა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იგეგმებოდა. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, პანდემიამ გაახანგრძლივა, თუმცა დღეისათვის უკვე ფრენების დაწყების სავარაუდო თარიღი ცნობილია.
აღნიშნულ მიმართულებაზე რეისებს ავიაკომპანია “Air Georgia” შეასრულებს. „3 წელზე მეტია „ეარ ჯორჯია“ ამ პროექტზე მუშაობს. ეს ადვილი დასაწყები არ არის. ამ პროექტისთვის შესაბამისი ფლოტი იყო საჭირო. სიღრმისეულად ვიმუშავეთ და უკვე 3 თვეა თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დგას“, – აღნიშნა „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა.
რაც შეეხება პირველ საცდელ ფრენას, სავარაუდოდ 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში შესრულდება. პირველ წელს კვირაში 2 რეისის შესრულება იგეგმება.
როგორც „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი განმარტავს, ფრენების დასაწყებად, როგორც ავიაკომპანიას, ისე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თბილისის აეროპორტს, აკრედიტაციის გავლა სჭირდება და ახლა შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
ასე რომ, მალე შესაძლებელი იქნება ავიაბილეთები ამერიკის მიმართულებით პირდაპირ რეისებზეც შეიძინოთ.