მიმდინარე კვირის ბოლო სავაჭრო სესია ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიისათვის უაღრესად არასახარბიელო შედეგებით დასრულდა. ერთ დღეში Tesla-ს აქციების ღირებულება 9.2%-ით დაეცა, რამაც კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციის 75 მილიარდი დოლარით შემცირება გამოიწვია.
აქციების მკვეთრი ვარდნის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის განცხადებაა, რომელმაც Tesla-ს მენეჯმენტს შემდეგ დავალება მისცა: დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ვაკანსიების გამოცხადებისა და ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესი და, ამავდროულად, 10%-ით შეემცირებინათ კომპანიაში დასაქმებულ პირთა რიცხვი, რაც, დაახლოებით, 10,000 ადამიანს აღწევს.
მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ნეგატიური მოლოდინები დაასახელა. მასკის განმარტებით, მას „ძალიან ცუდი წინათგრძნობა“ აქვს გლობალურ ეკონომიკურ ფაქტორებთან დაკავშირებით და ის არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიულ მდგომარეობაში გადავიდეს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება Tesla-ს შემოსავლიანობაზე.
მასკის განცხადება უოლ-სტრიტზე, რასაკვირველია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, რაც კომპანიის აქციების ფასზეც მკაფიოდ აისახა. ინვესტორები შიშობენ, რომ გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეაფერხებს კომპანიის ზრდისა და განვითარების ტემპს, რადგან მოსახლეობას ნაკლები მატერიალური რესურსები ექნება ძვირად ღირებული ელექტრომობილების შესაძენად.