საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკასიახლეებიფინანსები

რა გამოწვევებია ტექინსპექტირების ბიზნესში

0
გაზიარება

საქართველოში ტექინსპექტირების რეფორმა 2019 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რეფორმა ჩავარდნის პირასაა ან კიდევ ის შედეგები ვერ მოიტანა, რაც მოსალოდნელი იყო.

ტექინსპექტირების ბიზნესს დღეს რთული პერიოდი უდგას და პრობლემებიც მრავლად აქვს. მთავარი გამოწვევები ახლა კვლავ ნაკლები მიმართვიანობა, საინფორმაციო კამპანიების არარსებობა, კანონის არასათანადო აღსრულება და ადმინისტრირებაა. რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ ნახევარი გადის ინსპექტირებას, ჭკვიანი კამერების უდიდესი ნაწილი კი, ხშირად, ჩართული არაა და არც პოლიცია აჯარიმებს მძღოლებს დარღვევის შემთხვევაში.

„რამდენიმე ძირითადი და გამოკვეთილი გამოწვევა გვაქვს. საინფორმაციო კამპანიები კვლავ პერმანენტულ რეჟიმში უნდა იყოს და ვისურვებდი, რომ სახელმწიფოს როლი გაიზარდოს ამ მხრივ, ვინაიდან, ამ მიმართულებით აქტივობა მხოლოდ კერძო ბიზნესს უჭირს.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადმინისტრირებაც. კერძოდ კი, ჭკვიანი კამერების მეშვეობით ადმინისტრირება მიმდინარეობს ხარვეზებით, განსაკუთრებით რეგიონებშია ამგვარი პრობლემები. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გამართვის პროცესი ახლა მიმდინარეობს და მალე ამოქმედდება სრული კომპლექტი“, – განუცხადა კომპანია „გრინვეის“ დირექტორმა, ვახტან ებიტაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“.

საწყის ეტაპზე რეფორმა შედარებით წარმატებულად ითვლებოდა. 2019 წელს საქართველოში რეგისტრირებული 1.3 მილიონამდე ავტომობილიდან თითქმის 800 000-მა გაიარა ტექინსპექტირება. თუმცა, გარკვეულწილად პანდემიის ეფექტით, 2020-ში მიმართვიანობა შემცირდა და მხოლოდ 500 000-მდე ავტომობილმა მიმართა ცენტრებს. 2021 წელს, მართალია, მიმართვიანობა გაიზარდა და 700 000-მდე ავტომობილი გამოცხადდა ინსპექტირებაზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა და 1.5 მილიონს გადააჭარბა.

„2022-ის დასაწყისს იმედიანად შევხვდით, თუმცა, პირველი კვარტლის შედეგები იმედის მომცემი არაა – 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15-20%-იანი ჩამორჩენა გვაქვს“, – ამბობს ებიტაშვილი.

როგორც „გრინვეის“ დირექტორი აცხადებს, თავდაპირველი გათვლები ბევრად უფრო პოზიტიური იყო და ბევრმა სუბიექტმა სესხიც აიღო ბიზნესის განსავითარებლად, თუმცა რელობა სხვაგვარი აღმოჩნდა: „ყოველი არგამოცხადებული მანქანა დიდი დანაკარგია კომპანიებისთვის, რომელთაც სასესხო ვალდებულებები აქვთ უცხოურ ვალუტაში და ბუნებრივია, კურსის ცვლილებაც ნეგატიურ გავლენას ახდენს მათზე. როცა სესხს ვიღებდით, პროგნოზი სხვაგვარი იყო. თუმცა, სასესხო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია შევძელით და მოვედით დღევანდელ დღემდე“.

მიმართვიანობის ნაკლებობა ბიზნესისთვის ნაკლებ შემოსავალს, ფინანსურ არამდგრადობას ნიშნავს, რაც კიდევ ერთ პრობლემას აჩენს და ეს პრობლემა კვალიფიციური კადრების გადინებაა.

„კომპანიები რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არიან და პერსონალის შენარჩუნებაც კი უჭირთ. ძალიან დიდი გადინებაა იმ თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ტექინსპექტირების პროცესში არიან ჩართულნი. არადა, მათთვის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ძალიან მტკივნეულია კომპანიებისთვის, როდესაც ფინანსური არასტაბილურობის გამო კარგავენ კვალიფიციურ პერსონალს. ის თანხა, რაც დღეს არის დადგენილი ინსპექტირებაზე, არ არის საკმარისი ბიზნესის შენახვისათვის და პერსონალის შენარჩუნებისათვის. ორგანიზაციების უმეტესობა სავალალო მდგომარეობაშია“, – ამბობს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შიოლაშვილი.

ამ სფეროს წარმომადგენლების აზრით, პრობლემების გადაჭრის გზა ადმინისტრირების გაუმჯობესება, მათ შორის, ჭკვიანი კამერების გამართვა და აღსრულების მექანიზმების გამკაცრება, ასევე საინფორმაციო კამპანიების წარმართვაა, რათა მოსახლეობამ უკეთ დაინახოს ავტომობილების გამართვის სიკეთეები – ეკოლოგიური თუ ავარიების შემცირების კუთხით.

„ადმინისტრირება და აღსრულების მექანიზმები უნდა იყოს ეფექტიანი, საპატრულო პოლიციას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, რეაგირება მოახდინოს დარღვევეებზე და არ ვიყოთ მხოლოდ ჭკვიანი კამერების იმედზე. 99%-ზე მეტი გამოწერილი ჯარიმებისა დღეს ჭკვიან კამერებზე მოდის. მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ვისაუბროთ ინსპექტირების სიკეთეებზეც.

გარდა ამისა, 1.5 მილიონამდე რეგისტრირებული მანქანიდან ბევრია ისეთი, რომელიც უტილიზაციას ექვემდებარება, ფიზიკურად არ არსებობს, გაჩერებულია, დაშლილია ან ასე შემდეგ. აქტიური ავტომობილების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია და ესეც გადაწყვეტას მოითხოვს. ჩვენ უნდა მივიღოთ რეალური ავტოპორტფელი და მუდმივად ვაწარმოოთ რეალური სტატისტიკა“, – ამბობს ებიტაშვილი.

მიუხედავად სირთულეებისა, მიმდინარე წელს მაინც შეინიშნება პოზიტიური ტენდენციები, კერძოდ კი, თუ 2020-21 წლებში დახარვეზების მაჩვენებელი 70%-მდეც ადიოდა, 2022 წელს ეს რიცხვი 35%-ის ფარგლებშია, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტოპორტფელის მდგომარობა უკეთესობისკენ მიდის. ავტომობილების უმრავლესობას მარტივად გამოსასწორებელი ხარვეზები აქვს და თუ პირველად შემოწმებას ვერ გაივლიან, მეორედ უკვე 90%-ზე მეტი ალბათობით წარმატებით გადიან ინსპექტირებას.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!