ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში დაყენების შესახებ წესი წელს ამოქმედდება – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, რაჭაში სიმძლავრეები უკვე არსებობს, რომ მოსავლის გადამუშავება ადგილზე მოხდეს.
„ხვანჭკარა გახლავთ დაცული ადგილწარმოშობის ღვინო. რამდენიმე წელია დაგეგმილია, რომ ღვინის – „ხვანჭკარა“ დამზადება მომხდარიყო ადგილზე, ანუ ზონაში, სადაც მისი მოყვანა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი იყო, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ხდებოდა გადადება, იმის გათვალისწინებით რომ რაჭაში არ იყო საკმარისი სიმძლავრეები ღვინის დასამზადებლად. ახლა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „ხვანჭკარას“ დამზადება მოხდება მხოლოდ რაჭაში.
ეს, პირველ რიგში, განავითარებს რეგიონს. ადგილწარმოშობის პრინციპის დაცვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლოს და ბოლოს ეს წესი ამოქმედდება. წელს „ხვანჭკარის“ დასამზადებლად რაჭიდან ყურძნის გამოტანა აღარ მოხდება“.
შეგახსენებთ, რომ „ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში გადამუშავებასთან დაკავშირებით განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პირველად 2017 წელს გააკეთა. უწყების პოზიცია იყო, რომ „პოპულარობა, რომელიც ამა თუ იმ ბრენდს აქვს, იმ რეგიონს უნდა მოხმარდეს, სადაც ის იწარმოება“. მაშინვე ითქვა, რომ ღვინის გადამუშავება 2019 წლიდან დაიწყებოდა, მოგვიანებით ეს ვადა 2021 წლამდე გადაიწია, თუმცა პანდემიის მიზეზით, მორატორიუმი კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა. 2022 წლის ,,ხვანჭკარას“ მოსავალი სრულად რაჭაში გადამუშავდება.
წყარო-“ბიზნესპრესნიუსი“