მიმდინარე წლის შემოდგომაზე ხაშურის მუნიციპალიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება „ქართლი“ გაიხსნება, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან 200 სტუდენტის მიღებას გეგმავს.
პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება.
კოლეჯის წარმომადგენელთა ინფორმაციითვე, სამსართულიან შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები და თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი. კოლეჯი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
ამასთან, კოლეჯის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ „ქართლში“ სწავლა, ძირითადად, უფასო იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე უფასოდ სწავლის კრიტერიუმებს ვერ აკონკრეტებენ.
„ხაშურში, კერძოდ, სოფელ ზემო სერზე კოლეჯი „ქართლი“ 100%-ით სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული; სწავლა ძირითადად უფასო იქნება. სასწავლო დაწესებულება მიმდინარე წლის შემოდგომიდან გაიხსნება. ამ ეტაპზე პროგრამების შემუშავების პროცესი მიმდინარეობს, სექტემბერში გამოცხადდება დეტალური ინფორმაცია პროფესიული მიმართულებებისა და სწავლით დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია-მიღების პროცედურებზე. კოლეჯი “ქართლი” გახდება დასაქმების და სწავლის საუკეთესო სივრცე და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის, პირველ რიგში – ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაში,“ – აცხადებენ კოლეჯის ადმინისტრაციაში.
კოლეჯი აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს კერძო სექტორთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან.