ომპანია Apple-მა საბაზრო კაპიტალიზაციით Saudi Aramco-ს გადაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიცია დაიბრუნა.
ამჟამად ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.55 ტრილიონ დოლარს შეადგენს; საუდის არაბეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის საბაზრო ღირებულება კი $2.32 ტრილიონია.
ერთთვიან ჭრილში Apple-ის აქციების ღირებულება 13%-ითაა გაზრდილი; ხოლო Aramco-ს აქციების ფასის ზრდის მაჩვენებელი 2.3%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში Apple-ი ლიდერობას ინარჩუნებდა, თუმცა მიმდინარე წლის მაისში მან პირველობა დაკარგა, რაც ზოგადი საფონდო ბირჟების ვარდნით, მაკროეკონომიკური პროგნოზების გაუარესებითა და მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირებით იყო განპირობებული, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო საფონდო ბირჟაზე Saudi Aramco-ს აღმასვლას.
ზოგადად, საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ენერგოპროდუქტების ფასების ზრდით ყველაზე დიდ სარგებელს ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიები იღებენ; მათი შემოსავლიანობის მკვეთრად ზრდის ფონზე, იმატებს იმ ინვესტორთა რაოდენობაც, რომელთაც ასეთი კომპანიების აქციების შეძენა სურთ, შესაბამისად, ენერგეტიკული კომპანიების საბაზრო ღირებულებაც სტაბილურად იზრდება.
ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს Apple-ის აქციები 13.5%-ითაა შემცირებული; ხოლო Aramco-სი თითქმის 22.8%-ითაა გაზრდილი.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიციის დასაკავებლად Apple-სა და Aramco-ს შორის პაექრობა წლების განმავლობაში გრძელდება და მათ ადგილები უკვე არაერთხელ გაცვალეს.
რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე კვირას დაფიქსირებულ ტენდენციას, Apple-ის აქციების ზრდა გამორჩეულ კვარტალურ შედეგებთანაა დაკავშირებული; Aramco-ს არასახარბიელო მაჩვენებელი კი საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნედლი ნავთობის მიმდინარე ფასების შემცირებას უკავშირდება.
ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ Apple-მა მეორე კვარტალში თითქმის 83 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და წარმოადგენს ისტორიულ რეკორდს.
წყარო : bm.ge