ღვინის ჭეშმარიტო მოყვარულებო (და არა მხოლოდ), მონიშნეთ „შატო ატენი“ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ქართლის რეგიონში მოგზაურობისას. გორიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე თქვენ აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ ხარისხიან ღვინოსა და ჭაჭას ეკადრება – მრავალფეროვანი მარანი, ლამაზი ეზო და უგემრიელესი კერძები ისე მოგაჯადოებთ, უკან დაბრუნება აღარ მოგინდებათ.
ქართლის რეგიონის სიყვარულითა და განვითარების სურვილით სოსო ვანიშვილმა შექმნა საოჯახო მეღვინეობა შატო ატენი.
პროექტი “აწარმოე საქართველოში” კი შატო ატენის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი გახდა, რაც ხელს შეუწყობს შატო ატენის ტერიტორიაზე ხის კოტეჯების მშენებლობას.
“ჩვენთვის დიდი სტიმულია ამ პროექტში გამარჯვება, რომელიც გვაძლევს ბიძგს დავიწყოთ ჩვენი სტუმრების განთავსებაზე ზრუნვა. პროექტის ფარგლებში ვაშენებთ სამ ხის კოტეჯს თანამონაწილეობის თანხებით, ხოლო გრანტის თანხით შევიძენთ ყველა იმ ინვენტარს რაც კოტეჯებისთვის არის საჭირო.
ხშირად გვთხოვდნენ ჩვენი სტუმრები ღამით „შატო ატენში“ განთავსებას, რომლის შესაძლებლობაც არ გვქონდა. „შატო ატენმა“ საკმაოდ გაუთქვა ქართლის ღვინოებს სახელი, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. აღვადგინეთ ცქრიალა ,,ატენური“, შევქმენით ცქრიალა ,,ელისაბედი და ჩამოვასხით პირველი მოსავალი იშვიათი ქართლის ჯიში ,,ბუზა“. დღეს „შატო ატენი“ უკვე ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ქართლში მოგზაურთათვის.
ძალიან მალე გაიზრდება ვენახების რაოდენობა, გაშენდება მხოლოდ ძველი ქართლის ჯიშებით,რათა აღდგეს და პოპულარიზაცია გაეწიოს უნიკალურ ქართლის ღვინოებს. მომავალში იგეგემება კიდევ უფრო გაიზარდოს კოტეჯების რაოდენობა“ – განაცხადა GeoBusinessnews-თან საუბრის დროს სოსო ვანიშვილმა.
ყველა ღვინის მოყვარულს კი, კიდევ ერთხელ ვურჩევთ ესტუმრონ “შატო ატენს” და დაუვიწყარი დრო გაატაროთ სოფელ ატენში. თუ ვერ ახერხებთ ატენს სტუმრობას, შეგიძლია ღვინის დასაგემოვნებლად “8000 მოსავალს” ესტუმროთ, სადაც წარმოდგენილია “შატო ატენის” ღვინის კოლექცია.