EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. წინა პროგნოზით, 2022 წელს ზრდა 3%-ს შეადგენდა, ამჯერად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ეს მაჩვენებელი 8%მდე გაზარდა და რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივის (REP) უახლესი ანგარიშშის მიხედვით, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით გამოირჩევა.
EBRD- ის პროგნოზით რეგიონში დაფიქსირებული წლევანდელი ძლიერი ზრდა 2023 წელს შემცირდება, რაც საშუალოვადიანი მდგრადობის მხრივ შემაშფოთებელია. ბანკი გაფრთხილებას იძლევა, რომ კავკასიაში ამჟამინდელი ზრდა ძირითადად დროებითი ფაქტორებით არის განპირობებული, რაც ადვილად შეიძლება, შეიცვალოს.
EBRD-ის შეფასებით, საქართველოსთვის რისკებს გაურკვევლობა და გარე შოკების მნიშვნელოვანი ალბათობა განაპირობებს. მაგალითად, თუ წელს საქართველოს ეკონომიკის პროგნოზირებული ზრდა 8%-ს შეადგენს, მომავალ წელს კი 5%-მდე. ანალოგიურ 8%-იან ზრდას წელს სომხეთის ეკონომიკაშიც პროგნოზირებენ, რაც 2023 წელს, საქართველოსთან შედარებით, ერთი პუნქტით დაბალი მაჩვენებლით, 4%-მდე შემცირდება. სომხეთის ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტორი რუსეთის სრულად იზოლირებულ ეკონომიკასთან ქვეყნის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირია. აზერბაიჯანის ეკონომიკა წელს 4,5%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი 2,5%-მდე შემცირდება. ქვეყნის გაურკვევლობას ენერგორესურსების ფასები და ინფლაცია განაპირობებს.
ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ენერგეტიკისა და სურსათის ფასების ზრდის ახალი ტალღის გამო, კავკასიაში ინფლაციის იმპულსმა მოიმატა, რასაც სამივე ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა განაკვეთების გაზრდის პოლიტიკით უპასუხეს. ამჟამად ინფლაცია, საშუალოდ, 10%-მდე დაეცა, რაც ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა EBRD-ის მთლიან საოპერაციო რეგიონებში არსებულ 16.5%-იან საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის 10,3%-იან მკვეთრ ზრდას ტურიზმის განვითარება განაპირობებს, რამაც, თითქმის, პანდემიამდელ დონეს მიაღწია. ტურიზმის გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ფულადი გზავნილების ზრდა, რაც ქვეყანაში რუსული ბიზნესისა და ტექნოლოგიების სექტორის პროფესიონალების დროებით შედინებით არის გამყარებული.
„ამ ტენდენციებმა ხელი შეუწყო საქართველოს სავაჭრო დეფიციტის დაფარვას და ლარის გამყარებას, რამაც საგარეო რეზერვების ზრდა გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ წელს ეს ზრდა გაგრძელდება, თუმცა უფრო ნელი ტემპით, ანუ 8%-ის მაჩვენებლზე, რაც მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ადრე პროგნოზირებულ 3%-იან ზრდას,“ – წერს EBRD.