2022 წლის აპრილში საქართველოს 214,644 ვიზიტორი ეწვია, რაც 160.1%-იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 39.0%-ია.
ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების რაოდენობის მატებით, რამაც 2019 წლის დონის 52.3% შეადგინა. მეზობელი ქვეყნების საზღვრის კვეთის მკაცრი რეგულაციების გამო კი, გასულ თვეს ერთდღიანი ვიზიტები კვლავ დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა და 2019 წლის დონის მხოლოდ 16.0% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტები მოიცავს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ტოვებენ საანგარიშო თვეში და არ მოიცავს იმ მიგრანტებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.
აპრილში ვიზიტორების რაოდენობით ლიდერობდა თურქეთი (ჯამური რაოდენობის 16.8%), შემდეგ მოდის რუსეთი (15.6%) და სომხეთი (15.0%). საგულისხმოა, რომ ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და უზბეკეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის დონეს გადააჭარბა.
აპრილში ტურიზმის შემოსავალმა 188.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.8-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და 2019 წლის დონის 70.6%- ია.
Galt & Taggart-ის ვარაუდით, საქართველოში 80,000-120,000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ტურისტები. მიგრანტების შემოდინების ეფექტი ყველაზე შესამჩნევი უძრავი ქონების ბაზარზე იყო: ქირის ფასები თბილისში წინა წელთან შედარებით 71.6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 21.7%-ით გაიზარდა.
აპრილში ტურიზმის შემოსავლების 19.3% რუსეთზე მოდიოდა; მეორე ადგილზე 14.9%-ით ბელარუსი იყო; მესამეზე – ისრაელი (11.1%); მეოთხე ადგილს 11.0%-ით ევროკავშირის იკავებს, ხოლო 10.3%-ით უკრაინა მეხუთე ადგილზეა.
საბაზო სცენარით, გალტ & თაგარტი 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 75%-იან აღდგენას პროგნოზირებს, თუმცა მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, 85%-იანი აღდგენის სცენარის განვითარების ალბათობა გაზრდილია.