ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფართოვდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაზრდილ ტერიტორიაზე თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყების თარიღად 2022 წლის 1 დეკემბერი განისაზღვრა.
როგორც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ დადგენილებაშია აღნიშნული, თიზ-ის ფართი ამჟამად 22 ჰა-ს შეადგენს, გაფართოების შემდეგ კი თიზ-ის ტერიტორია 58 ჰექტარი გახდება.
დადგენილების მიხედვით, თიზ-ის გაზრდილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირების დაწყებამდე უნდა მოეწყოს თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტი შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით.
ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა, თიზ-ის გაზრდილ ტერიტორიაზე შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა.