ალდაგი Sport Fest 2022-ის პარტნიორია. Sport Fest თბილისში პირველი სპორტული ფესტივალი-გამოფენაა, რომელიც დედა ენის ბაღში 15-16 ოქტომბერს სპორტით დაინტერესებული ადამიანებისთვის გაიმართება. სპორტფესტზე სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა სპორტული სახეობისთვის განკუთვნილი სივრცეები, სადაც შეეძლებათ დაესწრონ სპორტულ შოუებს, გაერკვნენ მათთვის საინტერესო სპორტის სახეობაში, მიიღონ ინფორმაცია ამა თუ იმ სპორტული შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ქალაქში არსებობს და მოიგონ სხვადასხვა საჩუქრები ფესტივალის მხარდამჭერებისგან. ალდაგი სტუმრებისთვის სპორტულ ინვენტარს გაათამაშებს.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა და ვცდილობთ, ჩვენი მხრივ ჩავერთოთ აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. გვიხარია, რომ მხარს ვუჭერთ ახალ წამოწყებას, რომელიც გვჯერა, ხელს შეუწყობს მეტი ადამიანის დაინტერესებას სპორტით,“- ქეთი მაღალაშვილი, ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
„სპორტფესტი სპორტის სხვადასხვა სახეობის ცოცხალი, ინტერაქციული გამოფენაა. ფესტივალს ორი მიმართულება აქვს: ერთია კლასიკური სპორტი, რომელშიც მონაწილეობენ გუნდები, კლუბები, ფედერაციები და ა.შ. მეორე მიმართულებაა სპორტი, როგორც დასვენების, გართობის საშუალება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სპორტის როგორც კლასიკური, ისე არასტანდარტული სახეობები. შესაბამისად, ღონისძიება საინტერესო იქნება როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მოყვარულებისთვის,”- რეზი პეტრიაშვილი, სპორტფესტის ორგანიზატორი.