20 მარტიდან ძველი სისტემით ტაქსის ნებართვების გაცემა შეწყდება.ის პირები, რომლებიც 20 მარტამდე არ მიმართავენ მუნიციპალიტეტს, პირველი აპრილიდან A კატეგორიის უვადო ნებართვებს ვერ მიიღებენ. ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად აქტიური კამპანიები მიმდინარეობს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით „რეფორმის მესამე ეტაპით განხორციელებული ცვლილებები ძალიან საინტერესოა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ძალიან სარგებლიანი ამ ბაზრის მონაწილე სუბიექტებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით ნებართვის გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი განსხვავებული მოდელი ამოქმედდება.
მას შემდეგ, რაც პირველ აპრილს კონკრეტულ სუბიექტებს ერთჯერადად გადაეცემათ A კატეგორიის ნებართვები, ახალი სისტემის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს ამ კატეგორიის ნებართვებს. ბაზარზე ბრუნვაში დარჩება მხოლოდ ის A კატეგორიის ნებართვები, რომელიც პირველ აპრილს დარიგდება. შემდეგ თუ ვინმეს მოუნდება იჯარით გაცემა მის მიერ აღებული ნებართვის ან გაყიდვა ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება იმ პლატფორმაზე, რომელიც შეიქმნა – taxi.tbilisi.gov.ge დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში ამ ნებართვებს გაცილებით დიდი ფასი ექნება.
მინდა ასევე მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე აუცილებლად უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ აიღებენ აღნიშნულ ნებართვას, რომელიც პირველ აპრილს გაიცემა, ეს არის გაფრთხილება. ამ სიახლესთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით მუნიციპალიტეტი აწარმოებს საკმაოდ მნიშვნელოვან კამპანიას, დავბეჭდეთ ბუკლეტები, რომელიც ურიგდება ტაქსის მძღოლებს იმისთვის, რომ ზედმიწევნით გაიგონ ამ ცვლილების შინაარსი და აზრი, პარალელურად ყველა მუნიციპალურ სერვისში ჩვენ გვყავს გადამზადებული ჩვენი პერსონალი, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს გააცნობს ზუსტ ინფორმაციას. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებ-გვერდი taxi.tbilisi.gov.ge, სადაც ნებისმიერს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ცვლილებებთან დაკავშირებით.
ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია, თანხმდება შესაბამის უწყებებთან, გაიგზავნება თბილისის საკრებულოში და პირველი აპრილიდან ძალაში შევა.“ – განაცხადა კახა კალაძემ.