Refinitiv-ის მონაცემების მიხედვით 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიების შერწყმა-შთანთქვის ბაზარზე გამოცხადებული გარიგებების მოცულობა 34%-ით შემცირდა და 2,81 ტრლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წელი M&A-ს გლობალური ბაზრისთვის რეკორდული 5,7 ტრლნ დოლარით დასრულდა.
ვითარება არც 2022 წლის მეორე ნახევარში გაუმჯობესებულა. The Wall Street Journal-ის (WSJ) მონაცემებით, 2022 წელს გამოცხადებული შერწყმა-შთანთქვის მოცულობა 35%-ით, 3,55 ტრლნ დოლარამდე შემცირდა. M&A-ს გლობალური ბაზარზე, 2021 წლის მსგავსად, ყველაზე აქტიური მაღალტექნოლოგიური სექტორი იყო, რომლის გარიგებების მოცულობამ 894 მლრდ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ჯანდაცვა – 326 მლრდ დოლარით, შემდეგ ფინანსები – 284 მლრდ დოლარით და ბოლოს, უძრავი ქონება – 282 მლრდ დოლარით.
WSJ-ის მიხედვით, ყველაზე დიდი გარიგებების ტოპ 10-ეული ასეთია:
- Microsoft კომპიუტერული თამაშების დეველოპერ Activision Blizzard-ს ყიდულობს – გარიგების თანხა 68,7 მლრდ დოლარი
- ჩიპების ამერიკული მწარმოებლის, Broadcom-ის მიერ ღრუბლოვანი გამოთვლების ლიდერი დეველოპერის, VMWare-ს შესყიდვა – 61 მლრდ დოლარი
- ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენა – 44 მლრდ დოლარი
- უმსხვილესმა ინდურმა ბანკმა, HDFC-მა თავისი აქციონერის, Housing Development Finance Corp-ის შესყიდვა გამოაცხადა – 40 მლრდ დოლარი
- ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია, Amgen წამლების მწარმოებელ Horizon Therapeutics-ს ყიდულობს – 27,8 მლრდ დოლარი
- მსოფლიოში საწყობების უმსხვილესი ოპერატორი, ProLogis იმავე სექტორის ოპერატორ Duke Realty-ს ყიდულობს – 26 მლრდ დოლარი
- საინვესტიციო Blackstone ნიდერლანდურ ლოგისტიკურ კომპანია Mileway-ს თავისივე ინვესტორებზე ყიდის, რომელიც საწყობებსა და „ბნელ სამზარეულებს“ (dark kitchen) ამუშავებს – 23,81 მლრდ დოლარი
- საცალო ამერიკული მოვაჭრე Kroger, რომელიც Walmart-ის შემდეგ მეორეა, რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფ სუპერმარკეტების ქსელ Albertsons-ს ყიდულობს – 24,77 მლრდ დოლარი
- პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, Adobe 2012 წელს შექმნილ სტარტაპ Figma-ს ყიდულობს, რომელიც რეალური დროის რეჟიმის დიზაინს ღრუბლოვანი პროგრამებით უზრუნველყოფს – 20 მლრდ დოლარი
- ჯანდაცვის პროდუქტების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი, Johnson & Johnson (J&J) სამედიცინო იმპლანტების მწარმოებელ Abiomed-ს ყიდულობს – 18,99 მლრდ დოლარი