საქართველო ევრო 5-ის სტანდარტის დიზელზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გადასულიყო.ბიზნესი ამბობდა, რომ 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ახალ სტანდარტზე გადასვლა დიზელის საწვავს 20-25 თეთრით გააძვირებდა. მათივე პოზიცია იყო, რომ ეკოლოგიური ეფექტი, რომელზეც მთავრობა საუბრობდა, ბუნდოვანია, რადგან მოძველებული ავტოპარკის პირობებში უკეთესი ხარისხის საწვავი გოგირდის შემცირებას ნაკლებად გამოიწვევს. იმპორტიორთა მოთხოვნის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ 2021 წლიდან აზერბაიჯანში ევრო-5-ის ტიპის დიზელის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდებოდა.
მთავრობის დადგენილებით ცვლილებას ჯერ 1-წლიანი მორატორიუმი დაედო, შემდეგ კი, ვადა ორჯერ გახანგრძლივდა.
,,სოკარში” აცხადებენ,რომ მომავალი წლიდან ევრო-5-ის ტიპის დიზელს საქართველო აზერბაიჯანისგან მიიღებს, შესაბამისად, საჭირო აღარ იქნება მორატორიუმის გახანგრძლივება.
აზერბაიჯანში წელს ევრო-5 სტანდარტის დიზელის საწვავის, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტალში ევრო-5-ის ბენზინის წარმოება იგეგმება. ამის შესახებ ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ემილ ალხასლიმ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა.