2023 წლის 1 იანვრიდან, უახლესი ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი – infohub.rs.ge სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, infohub.rs.ge წარმოადგენს ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიან სისტემას, სადაც ცენტრალიზებულად იქნება გაერთიანებული სხვადასხვა ტიპის მონაცემი.
„ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედების შემდეგ, ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდება.Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად განახლებადია, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის: საკანონმდებლო აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მეთოდური მითითებები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების და სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა.
ელექტრონული საინფორმაციო ბაზა – Infohub ხელს შეუწყობს სისტემური და ერთგვაროვანი საგადასახადო პრაქტიკის არსებობას, ის შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირს მოიძიოს, დაამუშაოს და გააზიაროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
Infohub-ის შექმნის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, შემოსავლების სამსახურში 2021 წლიდან მიმდინარეობს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.