ინდური კომპანია, InterGlobe, ამერიკულ Archer Aviation-თან თანამშრომლობით, ქვეყანაში პირველი საჰაერო ტაქსის გაშვებას 2026 წელს გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო, PTI ავრცელებს.
InterGlobe ინდოეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანია IndiGo-ს ფლობს, ხოლო Archer Aviation საჰაერო ტაქსების განვითარებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია და ინდურ კომპანიას Midnight-ის მოდელის 200-მდე ელექტროვერტიკალურ ასაფრენ-დასაფრენ (eVTOL) აპარატს მიაწვდის. მათ 4-მდე მგზავრის გადაყვანა, ფრენა კი ერთხელ დამუხტული ელექტრობატარეით 40 წუთამდე შეუძლიათ.
აეროტაქსის პირველი ფრენები ნიუ-დელის ცნობილ წრიულ მოედან კონაუტ-პლეისსა (Connaught Place) და ქალაქ გურგაონს შორის იგეგმება. მგზავრობას, დაახლოებით, შვიდი წუთი დასჭირდება, ხოლო ღირებულება ერთ მგზავრზე 2-3 ათას ინდურ რუპიას (24-36 დოლარს) შეადგენს. ანალოგიურ მარშრუტზე ჩვეულებრივი ტაქსით მგზავრობას, საცობების გარეშე, დაახლოებით, 45 წუთი სჭირდება და, მინიმუმ, 700 რუპიამდე (8.4 დოლარამდე) ღირს.
Archer Aviation-ის დამფუძნებლის, ადამ გოლდსტინის განცხადებით, ინდოეთში საჰაერო ტაქს Midnight-ის გაშვების დრო აშშ-ში ამ აპარატების სერტიფიცირების პროცესზე არის დამოკიდებული. კერძოდ, მისი თქმით, როგორც კი ამერიკული მარეგულირებელი ნებართვას გასცემს, ანალოგიურ ნაბიჯს ინდოეთის საავიაციო ხელისუფლებაც გადადგამს.