2021 წლის მედიანური ხელფასის მაჩვენებლები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
2021 წლის მედიანური ხელფასი საშუალოზე 31%-ით ნაკლებია და 900 ლარს შეადგენს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 11.2 პროცენტით გაიზარდა და 900 ლარი შეადგინა. 2021 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 31 პროცენტით ნაკლებია. საშუალო თვიური ხელფასი 2021 წელს 1 304.5 ლარი იყო.
2021 წელს შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 509 ლარი;
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 386 ლარი;
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1 298 ლარი;
- მშენებლობა – 1 276 ლარი;
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1 273 ლარი.
„საქსტატი“ როგორც წესი აქვეყნებდა ხელფასების საშუალო თვიურ მონაცემებს. საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმატიკულს და რიგ შემთხვევებში საქართველოში დასაქმებულთა ანაზღაურება ამ მაჩვენებლისაგან არსებითად განსხვავდება. მოქალაქეთა ნაწილის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ნაწილის კი – გაცილებით ნაკლები.