2018 წლიდან 2021 წლამდე 31%-ით არის შემცირებული ფატალური შემთხვევები სამუშაო ადგილზე. ინფორმაცია ამის შესახებ შრომითი ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
ფერაძის თქმით, ჯამში 350-მდე ინსპექტირება განხორციელდა, 15 ათასამდე დასაქმებულ პირს შეეხო ზედამხედველობა და ასევე სექტორული მიმართულებით წარმოდგენილია შემოწმებული კომპანიები.
„რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს – 28,9% ხელშეკრულების ვადასა და პირობებთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება, 11,2% უკავშირდება სამუშაო დროსთან დაკავშირებულ პრობლემებს, 8,7% – შრომის ანაზღაურების ფორმასთან დაკავშირებულ საკითხს, ასევე, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს, შრომის შინაგანაწესთან, ხელშეკრულების ფორმის დაუცველობასთან, წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში ცვლასთან დაკავშირებული პრობლემები და ასევე, სრულ და არასრულ განაკვეთზე დასაქმებასთან დაკავშირებული დებულების დარღვევა“,- განაცხადა ბექა ფერაძემ