ერთ დღეში მარკ ცუკერბერგის ქონება 11 მილიარდი დოლარით შემცირდა, რომლის მიზეზად Meta-ს აქციების ჩამოშლა სახელდება. წლის დასაწყისიდან, კომპანიის ფასიანი ქაღალდები 74%-ით გაიაფდა, ცუკერბერგის კაპიტალი კი დაახლოებით 100 მილიარდი დოლარით შემცირდა.
ბიზნესმენის ფინანსური მდგომარეობა 36 მილიარდ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, Forbes Real-Time-ის მილიარდერთა სიაში 25-დან ის 29-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
ამ ყველაფრის მიზეზად კი Meta-ს ფინანსური ანგარიშგების 2022 წლის მესამე კვარტლის გამოქვეყნება სახელდება, რომლის მიხედვითაც შემოსავალმა 27,7 მილიარდი შეადგინა, ხოლო ხარჯები და დანახარჯები 19%-თ გაიზარდა. ამავდროულად, Meta-მ დაკარგა 9,4 მილიარდი დოლარი, რამაც შეაშფოთა ინვესტორები, რომლებიც შიშობენ, რომ ცუკერბერგის მცდელობები, შექმნას მეტავერსი, კრახისთვის არის განწირული.
„მე მესმის, რომ ბევრი შესაძლოა, არ დაეთანხმოს ამ ინვესტიციას, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან შეცდომა იქნება, რომ არ გავამახვილოთ ყურადღება რომელიმე ამ სფეროზე, რაც, ჩემი აზრით, ფუნდამენტური მნიშვნელობის იქნება მომავლისთვის“, – განაცხადა თავად ცუკერბერგმა კომპანიის შემოსავლის შესახებ განცხადებაში.
პანდემიის დროს Meta-ს აქციები მკვეთრად გაიზარდა – 2021 წლის 7 სექტემბრის მონაცემებით, მათმა ფასმა 382,96 დოლარს მიაღწია. მაშინ ცუკერბერგის ქონება 136,4 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, მაგრამ წლის დასაწყისიდან „მეტას“ აქციების ფასი 74%-ით დაეცა და ცუკერბერგმა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი დაკარგა.