სოფლის განვითარების სააგენტო ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის ხელშეწყობას აგრძელებს და პროგრამაში „ქართული ჩაის“ ცვლილებებს ახორციელებს
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით ჩაის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა.
პროგრამაში „ქართული ჩაი“ ცვლილებით სარეაბილიტაციო ფართობის მოცულობა 5 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე შემცირდა და მეჩაიე ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაის საკრეფი ხელის ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეისყიდონ.
პროგრამის „ქართული ჩაი“ ბენეფიციარს (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70% დაუფინანსდება, მაგრამ 1 ჰა-ზე გაანგარიშებით არაუმეტეს 2 500 ლარისა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90% დაუფინანსდებათ, მაგრამ 1 ჰა-ზე გაანგარიშებით არაუმეტეს 3 000 ლარისა.
„პროგრამის ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ი ან/და პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი უნდა იყოს მინიმუმ 3ჰა და 300 ჰა;
„მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამაში შესული ცვლილებებით მეჩაიე ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, 50%-იანი თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკა შეისყიდონ.
საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო-ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად კი, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.