თბილისში, დასაქმების ფორუმი ჩატარდება, სადაც ზამთრის კურორტებზე არსებული 500-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი.ღონისძიება 9 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება,სადაც დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ კურორტებზე არსებული სასტუმროების, კაფე – ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და შეარჩიონ სასურველი ვაკანსიები – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს
„აღსანიშნავია, რომ სამუშაო კადრების დეფიციტიდან გამომდინარე, ბიზნეს-სექტორი მზადაა, ყაზბეგში, გუდაურში, ბორჯომში, ცემში, ბაკურიანსა და მესტიაში, უზრუნველყოს დასაქმება, უკვე შერჩეული თანამშრომლების ტრანსპორტირება და დაბინავება. შესაბამისად, ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიები ორიენტირებული იქნება თბილისში თუ სხვა რეგიონში მცხოვრები პირებისთვისაც.წარმოდგენილი ვაკანსიების ჩამონათვალის გაცნობა, დაინტერესებულ პირებს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულ სერვის ცენტრებშიც შეუძლიათ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს სამუშაოს მაძიებლები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. მორიგი ფორუმი, 13 დეკემბერს, გორში ჩატარდება” – აღნიშნულია ინფორმაციაში.