საქართველოს ექვსი რეგიონიდან 1,500 ქალი ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში გადამზადდება
აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორული ინიციატივის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა,რომ: „ქალების ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, არის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენ ამ მიმართულებას აქტიურად ვუჭერთ მხარს ყველა იმ პროგრამებსა და აქტივობებში, რასაც სამინისტრო ახორციელებს როგორც ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერის, ასევე ინოვაციებისა და აიტი ეკოსისტემის განვითარების კუთხით“
პარტნიორული ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ექვსი რეგიონიდან 1,500 ქალი ჩაირიცხება გადამზადების პროგრამებში, რომლებიც შეესაბამება საქართველოს ICT კომპანიების მოთხოვნებს. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებში რვა ცენტრი შეიქმნება. ცენტრები გაიხსნება თელავში, გორში, ახალციხეში, ოზურგეთში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ტყიბულში და ამბროლაურში.
პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 1,500 ქალი გადამზადდება ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენატანი იქნება იმ ტექნოლოგიური, ინოვაციური და IT ეკოსისტემის მშენებლობაში, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორი აქტიურად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში.
„წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილე ქალს, რომელიც ჩაერთვება ამ პროგრამაში, წარმატებულად გაივლის მას და აუცილებლად დასაქმდება მაღალანაზღაურებად და მაღალტექნოლოგიურ სამსახურებში”, – ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა
USAID-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორობა 12 კომპანიასთან ხელს შეუწყობს კურსდამთარებულთა დასაქმების პროცესს. სასწავლო პროგრამებში შედის Front-end დეველოპმენტი, Back-end დეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და სხვ. ეს უნარები განსაკუთრებით მოთხოვნადია საქართველოს მზარდი ICT სექტორისთვის.