თურქეთის ბაზრის გახსნით, მედიკამენტების ფასები 60-80%-ით შევამცირეთ, მოქალაქეები 200 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავენ, რაც ძალიან ხელშესახები შედეგია, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესდებით კი დამატებით 40%-ით გაიაფდება მედიკამენტები – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილის თქმით მთავარია,რომ მედიკამენტების ხარისხის მუდმივი კონტროლი ხორციელდებოდეს და ამ მიზნით, 2022 წლის ბოლომდე კარგი საწარმოო პრაქტიკის და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტზე გადასვლა დასრულდება.
„მედიკამენტების ფასებზე ჩვენ გვქონდა საკმაოდ დიდი დისკუსია და შევძელით ის, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მოვახერხეთ მედიკამენტების ფასის საგრძნობი შემცირება, 80%-ით შემცირება. ახლა ჩვენ, ჯანდაცვის მინისტრმა ახალი ინიციატივა შეიტანა პარლამენტში და მადლობა პარლამენტს, რომ მხარდაჭერა აქვს ამ ინიციატივას. რეფერენტული ფასები დაწესდება მედიკამენტებზე, ეს დამატებით 40%-ით გააიაფებს მედიკამენტებს, რაც რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნით, ფასები, როგორც მოგახსენეთ, შემცირებულია 60-80%-ით, ჩვენი მოქალაქეები 200 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავენ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ხელშესახები შედეგია. ასევე, ჩვენ დღეისთვის მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონულად ხდება. მხოლოდ გენერიკული დასახელებით არის ნებადართული და როგორც მოგახსენეთ, 1100-ზე მეტი დასახელების ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე უკვე დაწესდება რეფერენტული ფასები მომავალი წლიდან და შემდეგ ყველა დარჩენილ რეცეპტულ მედიკამენტებს მოიცავს აღნიშნული რეფორმა. ასევე, ჩვენთვის მთავარია, რომ მედიკამენტების ხარისხის მუდმივი კონტროლი ხორციელდებოდეს. 2022 წლის ბოლომდე კარგი საწარმოო პრაქტიკის, ანუ „ჯიემპის“ და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის, იგივე „ჯიდიპის“ სტანდარტზე გადასვლა დასრულდება“,- ირაკლი ღარიბაშვილი