ევროპაში მიმდინარე ვაჭრობისას ბუნებრივი აირის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 700 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის სექტემბრის შემდეგ. ინფორმაციას ადასტურებს ლონდონის ICE ბირჟის მონაცემები, რომლის თანახმად დღის განმავლობაში ფასის კლებამ 2,8% შეადგინა.
თებერვლის ფიუჩერსებზე ნიდერლანდების TTF ჰაბზე კი ფასი ათას კუბურ მეტრზე 696,3 დოლარამდე შემცირდა, ანუ 63,5 ევრომდე ერთ მეგავატზე.
ევროპაში გაზის ფასის კლება ხდება რეგიონში თბილი ტემპერატურის დაფიქსირების ფონზე. ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი წინა წლების ანალოგიური პერიოდის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია, აღნიშნულმა კი გამოიწვია გაზსაცავებიდან გაზის მოხმარების შემცირება. ამ დროისთვის ევროპის გაზსაცავები 83,3%-ით არის სავსე და მათში 90,2 მლრდ კუბური მეტრი გაზი ინახება. გარდა ამისა, რეგიონში სტაბილურობას ინარჩუნებს ქარის გენერაციაც, რომელიც 20%-იან ნიშნულზეა, 1-ელ იანვარს კი საერთოდაც რეკორდულ 34,7%-ს მიაღწია.