ნიდერლანდებში იმ შინაური ცხოველების ფლობა აიკრძალება, რომლის ჯიშიც ხელოვნურად არის გამოყვანილი და ცხოველის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.აკრძალვის მიზეზად სახელდება ის,რომ ამ გარეგნულ ნიშნებს კატებისა და ძაღლებისთვის უამრავი ტანჯვა მოაქვს.მოკლეცხვირიან ცხოველებს უჭირთ სუნთქვა და გენეტიკურმა მუტაციებმა შესაძლოა, მათში თავის ტკივილი გამოიწვიოს.
აკრძალვის რისკის ქვეშ არიან ყურდაშვებული კატები და ბრტყელცხვირა ძაღლები, მათ შორის ფრანგული ბულდოგი, მოპსი და პეკინესი. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ასეთი ცხოველების მოშენება ნიდერლანდებმა 2014 წელს აკრძალა. ამის მიუხედავად, ბაზარი მაინც დარჩა და მათი ყიდვა თუ უცხოეთიდან ჩამოყვანა ისევ შესაძლებელია. ახალი კანონით სწორედ ეს ხარვეზი აღმოიფხვრება.
ოფიციალური პირები იმ ჯიშების კონკრეტულ სიას შეადგენენ, რომელთა მახასიათებლებმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ცხოველის ჯანმრთელობას.
ასეთი ძაღლებისა და კატების ამჟამინდელ მფლობელებზე აკრძალვა არ გავრცელდება.