ამჟამად Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობი 83.7 აშშ დოლარი ღირს, რაც 2-დღიან შუალედში 4.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო WTI-ის ღირებულება 77.2 აშშ დოლარია და იმავე პერიოდში 6.4%-ითაა გაზრდილი.
ნავთობზე ფასების ზრდას G7-ის მიერ რუსულ ნავთობპროდუქტებზე ბარელზე 100-დოლარიანი ფასის ჭერის დაწესება და თურქეთში მიწისძვრები განაპირობებს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს, სააგენტო Reuters-მა გადამზიდავ სააგენტო Tribeca-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯეიჰანის ნავთობტერმინალმა მიწისძვრის ეპიცენტრის სიახლოვის გამო ოპერაციები შეაჩერა. მართალია, ნავთობის ექსპორტი გრძელდება, თუმცა ჯეიჰანის ნავთობტერმინალზე მილსადენის თურქული მონაკვეთის ოპერატორის, Botaş International-ის მიერ ტანკერების დატვირთვის ოპერაციები დროებით შეჩერებულია.
საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, თურქეთის მთავრობამ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ჯეიჰანის საექსპორტო ტერმინალის მუშაობის აღდგენაზე დავალება უკვე გასცა და ნავთობის მიწოდება მალე დაიწყება. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის პორტები მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და მათ მუშაობაში შეფერხებები დაფიქსირდა. თუმცა Reuters-ის თანახმად, მაგისტრალური მილსადენები არ დაზიანებულა.
ჯეიჰანის ნავთობტერმინალს აზერბაიჯანული აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის საბადოების ბლოკიდან საქართველოს გავლით ნავთობსადენი უერთდება. ბთჯ-ით, ასევე, SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობიც გადაიქაჩება. ნავთობსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ – საქართველოს, 1076 კმ კი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მლნ ტონა ნავთობს აღემატება.