საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით მასშტაბური ერთიანი საკომუნიკაციო კამპანია – „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის“ ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის, EIB-ის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიწყო.ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
საქართველოში სიკვდილიანობის და სხეულის დაზიანების შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ავტოსაგზაო ინციდენტებს უკავშირდება და არსებული სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი გამომწვევი მიზეზებია: ზოლიდან ზოლში არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედის გამოუყენებლობა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვა, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა უსაფრთხო ტრანსპორტირების საკითხიც.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, დაშავდა 15 222 და დაიღუპა 879 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი.
სამხრეთ კავკასიაში EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, მაჩიე ჩურის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირისგან გამოიყო დაფინანსება 1 მილიარდი ევროს ოდენობით და ამასთან ერთად, 40 მილიონ ევრომდე გრანტის სახით გადაეცა.
„საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) საქართველოში ოპერირება დაიწყო. ამ მიზნის მისაღწევად ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის საგზაო პროექტის მშენებლობასა და განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოსთვის ევროკავშირისგან გამოიყო დაფინანსება 1 მილიარდი ევროს ოდენობით და ამასთან ერთად, 40 მილიონ ევრომდე გრანტის სახით გადაეცა“, – აღნიშნა მაჩიე ჩურამ.
„ჩვენ მეტად უსაფრთხო და უკეთეს გზებს ვქმნით საქართველოში, ჩვენს პარტნიორებთან – ევროპის საინვესტიციო ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად. ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელსაც დღეიდან ვიწყებთ, შეუძლია შეამციროს საგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში. ყოველწლიურად, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის მეტად უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კამპანია, რომლის სლოგანია – “არ გაიმეორო შეცდომა”, ავტოსაგზაო შემთხვევების კონკრეტულ ასპექტებზე გაამახვილებს ყურადღებას და მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას
კამპანია ფოკუსირებულია იმ ადამიანების რეალურ ისტორიებზე, რომლებიც თავად დაზარალდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
საგზაო უსაფრთხოების კამპანია მიმდინარეობს ევროკავშირისა და მისი ბანკის, EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების (GTC) პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოსა და ევროპის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება, ავტოსაგზაო ქსელების უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესების გზით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.