Google-ის მიერ შექმნილი ახალი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩეთბოტი შესაძლოა ChatGPT-ის კონკურენტი გახდეს.
ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელი დირექტორი, სუნდარ პიჩაი გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, რომ თავდაპირველად Bard-ს ნდობით აღჭურვილთა მცირე წრე დატესტავს, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი კი ის რამდენიმე კვირაში გახდება.
ChatGPT-ის მსგავსად, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის კვლევითმა კომპანია OpoenAI-მ, Bard-იც ენობრივ მოდელს ეფუძნება, რომელიც ვრცელი ონლაინ მონაცემების საფუძველზე პასუხებს აგენერირებს მომხმარებლის საჭიროების შესაბამისად.
„Bard მიზნად ისახავს მსოფლიო ცოდნის შერწყმას ჩვენი ვრცელი ენობრივი მოდელების კრეატიულობასთან. ის აგროვებს ინფორმაციას ინტერნეტიდან, რათა მაღალხარისხიანი და უახლესი პასუხები შემოგვთავაზოს“, – დაწერა პიჩაიმ.
ჯერჯერობით, ცნობილი არაა, ზუსტად რა შესაძლებლობები ექნება ახალ ჩეთბოტს, თუმცა როგორც გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, მისი საშუალებით, მაგალითად, შეგიძლიათ შეიყვანოთ რა ინგრედიენტები გაქვთ და ამ პროდუქტებით კერძების რეცეპტებს შემოგთავაზებთ.
ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტების ფუნქცია სწორედ ინფორმაციის მოძებნა და კითხვებზე პასუხია, რისი ყველაზე ცნობილი მაგალითიც ChatGPT-ია.
Google-ს გადაწყვეტილება გამოძახილია სწორედ ChatGPT-ის გამოყენებისა და პოპულარობის ზრდაზე – ბოლო 2 თვეში ამ უკანასკნელს აქტიურად იყენებენ ესსეების, ისტორიებისა თუ სიმღერის ტექსტების შესაქმნელად ან იმ კითხვებზე საპასუხოდ, რომლებზე პასუხის მოსაძებნადაც აქამდე სწორედ Google-ის საძიებო სისტემას მიმართავდნენ. Bard-ის ნაჩქარევი დაანონსება და ინფორმაციის ნაკლებობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ტექნოლოგიურ კომპანიას მომხმარებლების დაკარგვა აშინებს.
ChatGPT-ის საკუთარ საძიებო სისტემა Bing-ში ინტეგრირებას გეგმავს Microsoft-იც.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჩეთბოტების დანიშნულება სწორედ ინტერნეტში ძიების გამარტივებაა და ნაცვლად გვერდებზე გადასვლისა, მათი უპირატესობა ერთი შემაჯამებელი პასუხის გენერირების შესაძლებლობაშია.