2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაცია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულება 41.2 მლნ აშშ დოლარი იყო. შედეგად, დადებითი სავაჭრო ბალანსი 43.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, თუმცა რაოდენობრივად საქართველო კვლავ წმინდა იმპორტიორია – 0.6 ტვტ.სთ წმინდა იმპორტით.
„2022 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 14.2 ტვტ.სთ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მოხმარება გაიზარდა წლის პირველ ნახევარში 9.8%-ით, ხოლო მეორე ნახევარში შემცირდა 2.7%-ით. ეს უკანასკნელი უკავშირდება ჯორჯიან მანგანეზის, მეტალურგიული და მაინინგ კომპანიების წარმოების კლებას. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ძირითადად დაკმაყოფილდა ჰიდრო გენერაციით, რამაც ჯამური მიწოდების 68.3% შეადგინა. თბოსადგურების გენერაციით მოხმარების 21.5%, ხოლო იმპორტით მოხმარების 9.7% დააკმაყოფილა,“- აღნიშნულია კვლევაში.