adidas-მა ამერიკელ მომღერალ ბიონსესთან სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საკუთარი ხაზის, Ivy Park-ის განვითარებისთვის პარტნიორობა დაასრულა,მიზეზად კი კოლექციის დაბალი გაყიდვები სახელდება. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ბიონსესა და adidas-ის პარტნიორობა საბოლოოდ მას შემდეგ შეწყდება, რაც კომპანია წელს დაგეგმილ Ivy Park-ის კოლექციებს გამოუშვებს. ბრენდის ანგარიშის მიხედვით, რომელსაც გამოცემა ეყრდნობა, Ivy Park-ის ხაზის პროდუქციის უმეტესი ნაწილი არ გაიყიდა. ამასთან, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს კოლექციის გაყიდვები 50%-ზე მეტად შემცირდა და მხოლოდ 40 მლნ დოლარი შეადგინა, რაც adidas-ის შიდა პროგნოზებს ჩამოუვარდებოდა, მაშინ, როცა კომპანია ბიონსესთან თანამშრომლობით, 250 მლნ დოლარის გამომუშავებას ვარაუდობდა.
მომღერალმა საკუთარი სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზის, Ivy Park-ის ჩასაშვებად adidas-თან კრეატიულ პარტნიორობაზე 2018 წელს მოაწერა ხელი. ბიონსე Ivy Park-ს, როგორც მაღაზიათა ქსელ Topshop-ის კოლექციების ნაწილს, 2016 წლიდან ავითარებდა, თუმცა ქსელთან თანამშრომლობა ბრენდის სრულ მესაკუთრეობაზე ნებართვის მოპოვებით დაასრულა.