იტალიაში ამერიკული სტარტაპ კომპანიის, OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის (AI) პლატფორმა ChatGPT აიკრძალა.
გასულ კვირას იტალიის მონაცემთა დაცვის ზედამხედველმა ორგანომ გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც OpenAI-ის დროებით შეუჩერდა იტალიელი მომხმარებლების მონაცემების დამუშავება. ამის მიზეზი კი ევროპის მკაცრი უსაფრთხოების რეგულაციების შესაძლო დარღვევა გახდა.
რეგულატორის განცხადებით, კომპანიამ მომხმარებლებს სხვა მომხმარებლების ჩეთბოტთან მინაწერების ნახვის უფლება მისცა: „როგორც ჩანს, არ არსებობს საფუძველი პერსონალური მონაცემების მასიური შეგროვებისა და დამუშავებისა იმ ალგორითმის გაუმჯობესების მიზნით, რომელსაც პლატფორმა ეყრდნობა.გაჩნდა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებითაც, რომ პლატფორმაზე არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა და დაგენერირებული პასუხები ხშირად არასწორ ინფორმაციას შეიცავენ.
Microsoft-ით ზურგგამაგრებული OpenAI შესაძლოა, 21.8 მლნ დოლარით (კომპანიის გლობალური შემოსავლის 4%) დაჯარიმდეს იმ შემთხვევაში, თუ სიტუაციას 20 დღის განმავლობაში არ გამოასწორებს.
იტალია არაა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საზოგადოებაზე ChatGPT-ის გავლენას აკვირდება და მთავრობები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით საკუთარი წესების შემუშავებას გეგმავენ.
გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმაც გამოაცხადა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გეგმები. თუმცა ახალი რეგულაციების დაწესების ნაცვლად, მთავრობამ სთხოვა მარეგულირებლებს სხვადასხვა სექტორში, გამოიყენონ უკვე არსებული რეგულაციები ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით
გაერთიანებული სამეფოს წინადადებები, რომელშიც კონკრეტულად ChatGPT არ არის ნახსენები, ასახავს რამდენიმე ძირითად პრინციპს, რომელიც კომპანიებმა უნდა დაიცვან მათ პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას, მათ შორისაა უსაფრთხოება, გამჭვირვალობა, სამართლიანობა, ანგარიშვალდებულება და კონკურენტუნარიანობა.
ბრიტანეთი ამ ეტაპზე არ ზღუდავს ChatGPT-ის ან ხელოვნური ინტელექტის სხვა რომელიმე სახეს. ამის ნაცვლად, მას სურს უზრუნველყოს, რომ კომპანიები AI-ის პასუხისმგებლობით ავითარებენ და იყენებენ ინსტრუმენტებს, ხოლო მომხმარებლებს აწვდიან საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ მიიღება გარკვეული გადაწყვეტილებები.
ევროგაერთიანებამ, რომელიც ხშირადაა ტექნოლოგიების რეგულირების წინა ხაზზე, უკვე წარმოადგინა ინოვაციური კანონმდებლობა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით.
ე.წ. ევროპის ხელოვნური ინტელექტის აქტში გაწერილი წესები ძლიერ შეზღუდავს AI-ის გამოყენებას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, სამართალდამცავ ორგანოებში და სასამართლო სისტემაში. ის იმოქმედებს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის გენერალურ რეგულაციასთან ერთად და კომპანიებს განუსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შენახვის წესებს.