ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ (American Association of Wine Economists-AAWE) ღირებულების თვალსაზრისით ღვინის მთავარი ექსპორტიროების 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 30 წამყვან ქვეყანას შორის მე-19 ადგილზეა.
AAWE-ის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან 259 მლნ დოლარის ღვინო არის ექსპორტირებული, რითიც ქვეყანა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს უსწრებს, ხოლო რეგიონიდან და სამხრეთ კავკასიიდან ტოპ 30-ის სიაში ერთადერთია.
საქართველოს მოსდევს ლიეტუვა (მე-20) და ლატვია (21-ე), რომელთაგან პირველმა 247 მლნ დოლარის, მეორემ კი 172 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე. ამასთან, 23-ე ადგილზეა კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მოლდოვა, რომლის ექსპორტმაც 137 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოს AAWE-ის 2022 წლის რეიტინგშიც მე-19 ადგილი ეკავა, თუმცა ღვინის ექსპორტის შედარებით დაბალი ღირებულებით, რომელიც მაშინ 252.55 მლნ დოლარს შეადგენდა. ამდენად, ერთ წელიწადში ქვეყანამ ექპორტის ღირებულება 6.45 მლნ დოლარით გაზარდა.
გთავაზობთ ღირებულების თვალსაზრისით ღვინის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეულს:
- საფრანგეთი – 12,789 მლრდ დოლარი (2022 წელს 12,935 მლრდ დოლარი)
- იტალია – 8,403 მლრდ დოლარი (8,289)
- ესპანეთი – 3,179 მლრდ დოლარი (3,180)
- ჩილე – 1,527 მლრდ დოლარი (1,911)
- ავსტრალია – 1,360 მლრდ დოლარი (1,455)
- ახალი ზელანდია – 1,297 მლრდ დოლარი (1,422)
- აშშ – 1,226 მლრდ დოლარი (1,464)
- გერმანია – 1,162 მლრდ დოლარი (1,119)
- პორტუგალია – 1,003 მლრდ დოლარი (988.7 მლნ)
- არგენტინა – 677 მლნ დოლარი (813.7)