თანამედროვე რეალობაში, სადაც ყველაფერი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, არც ონლაინ საკონდიტროს არსებობა არ უნდა იყოს გასაკვირი, თუმცა ქართული დესერტების სტარტაპი „Healthy Cake“ მომხმარებელს ყველასგან განსხვავებულ და გემრიელ პროდუქციას სთავაზობს. ბრენდი რამდენიმე თვის წინ, დედაქალაქში ამოქმედდა. დამფუძნებლის, ნათელა გოგსაძის განმარტებით, სტარტაპის განსხვავებულობა გამოიხატება იმაში, რომ მათ მიერ წარმოდგენილი პროდუქცია არ შეიცავს შაქარსა და ხორბლის ფქვილს, რაც მის დაბალკალორიულობას უსვამს ხაზს. გოგსაძე აქვე აღნიშნავს, რომ საკონდიტრო ნაწარმიდან მხოლოდ შაქრის ამოღება არ ნიშნავს, რომ ის ჯანსაღია. მნიშვნელოვანია, თანაბრად იყოს გადანაწილებული ნახშირწყლებისა და ცილების რაოდენობა, რაც მისცემს შესაძლებლობას ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარ ადამიანებს, გახდნენ სტარტაპის მომხმარებლები.
„Healthy Cake“-ის უპირატესობა იმაშიცაა, რომ სტარტაპის პროდუქცია ყველასათვისაა ხელმისაწვდომი, განურჩევლად ადამიანის ფინანსური შესაძლებლობისა. საკონდიტრო ნაწარმის ფასები 4-დან 17 ლარამდე მერყეობს, ასევე, წარმოდგენილია ფიქსირებული ღირებულების მქონე ნამცხვრები და ტორტები, სასურველი დიზაინით გაფორმების შესაძლებლობით. ბრენდის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დაბალი ფასი გამოწვეულია სტარტაპის ონლაინ სივრცეში ფუნქციონირების ფაქტით, შესაბამისად, ისეთი ხარჯები როგორიცაა კომერციული ფართის ქირა, კომუნალური სერვისები, შრომითი ანაზღაურება, ნულოვანია.
ცნობილია კომპანიის სამომავლო გეგმები. თუკი ამჟამად ბრენდი თბილისის მასშტაბით ონლაინ გაყიდვებზეა ორიენტირებული, უახლოეს პერიოდში პროექტის ჩაშვება ბათუმშიცაა დაგეგმილი. ჯანსაღი პროდუქციის შეძენა Facebook და Instagram პლატფორმებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ბრენდი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფიტნეს ცენტრთან და კვების ობიექტთან, რათა წარმოებული პროდუქცია უფრო პოპულარული და მოხმარებადი გახდეს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ამ მიმართულებით კონკურენცია დიდად მაღალი არაა, „Healthy Cake“-ს წარმატებისა და ბაზარზე აღიარების მოპოვების შესაძლებლობა აქვს.