რუსეთ-უკრაინის ომის გამო ზეთ “ბარაქას” მწარმოებელ კომპანია “ალფაში” რუსეთის გარდა, მზესუმზირის ზეთის იმპორტის განსახორციელებლად სამხრეთ ამერიკის ბაზრებსაც განიხილავენ. კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი დავით კირვალიძე აცხადებს, რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და სწორედ ამიტომ, კომპანია დამატებით საიმპორტო ბაზრად ისეთ ქვეყანას განიხილავს, როგორიც არგენტინაა.
დავით კირვალიძის თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ზეთზე ფასები იზრდებოდა, თუმცა ახლა ლარი დოლართან მიმართებით გამყარებულია, რაც კომპანიას ფასების შენარჩუნებაში ხელს უწყობს.
“რომ არა კურსის სტაბილურობა ზეთზე ფასი 10-15%-ით კიდევ მოიმატებდა. ჩვენი ვარაუდით, რუსეთში ზეთზე ფასები ივნისში კიდევ მოიმატებს, ხოლო “ბარაქას” ზეთზე ფასის მომატება-არმომატების საკითხი სწორედ ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული. “ბარაქას” ზეთზე ფასები მიმდინარე წლის მარტამდე 6 ლარის 6.50 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ომის დაწყებიდან დღემდე 7 ლარის და 9.50 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანია რუსეთიდან თვეში 300 ტონა ზეთს იღებს,” – აღნიშნა კირვალიძემ.