როგორც, ნათია ჯანელიძემ განაცხადა, ამ ეტაპისთვის პაკეტის ფარგლებში 2,5 მლნ დოლარი მოგროვდა. მისივე თქმით, ფონდი ზემოაღნიშნულ პროგრამაზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.
„ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან ერთად უკვე შეირჩა კომპანიების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობას შეძლებენ. აღნიშნული პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, ესაა:
გრანტი – გრანტის სახით გაცემული თანხა მოხმარდება უკრაინული ბიზნესების რელოკაციის ხარჯებს. პირდაპირი ტექნიკური დახმარება – ეს კომპონენტი გულისხმობს კომპანიებისთვის იურიდიული, საგადასახადო თუ ფინანსური კონსულტაციების მომსახურების თანხის ანაზღაურებას. უპროცენტო სესხი – სამწლიანი მარტივი სესხი, რომელიც ექვემდებარება მხოლოდ ძირითადი თანხის ამორტიზაციის სტანდარტულ გრაფიკს და კომპანიების საოპერაციო საქმიანობის დასაფინანსებლად გამოიყენება. საინვესტიციო თანხა – პროგრამის ძირითადი კომპონენტი, რომელიც ასევე გამიზნულია კომპანიების ოპერაციების მხარდასაჭერად.
ამ ეტაპისთვის პროექტის მოცულობა 2,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ და ხელშეკრულება გავაფორმეთ ჰოლანდიური განვითარების ბანკ FMO-სთან,“- განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისთვის, ფონდი საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მის ინვესტორებს მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები წარმოადგენენ, მათ შორის DFC და FMO.