„ქართული ზღაპრები – აუდიო ბიბლიოთეკა“ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული არქივის პროექტს. პროექტი აერთიანებს კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული ქართული ზღაპრების აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერილია 1960-70-იან წლებში. ზღაპრებს კითხულობენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი. აუდიო ალბომის ილუსტრაცია ეკუთვნის ზაალ სულაკაურს.
“მარკეტერთან” საუბრის დროს იდეის ავტორმა, ნათია ამირიძემ განაცხადა, რომ იდეა საჭიროებიდან გამომდინარე გაუჩნდათ.
“იდეა იმ საჭიროებიდან გამომდინარე განვახორციელეთ, რომელსაც ჩვენ, როგორც მშობლები, წლების მანძილზე ვხედავდით. ინტერნეტში მრავლადაა დაბალი მხატვრული და საშემსრულებლო ხარისხის ზღაპრები და ისტორიები. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ბავშვებს მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალის მიწოდებით ექნებათ საშუალება, გაიუმჯობესონ მეხსიერება და მოსმენის უნარი, გაიღრმავონ წარმოსახვა და ფანტაზია, გამოიმუშავონ გამართული თხრობის სტილი და გაზარდონ სიტყვათა მარაგი. რაც მთავარია, ბავშვობიდან შეიყვარონ წიგნები, დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა და ნაკლები დრო გაატარონ ტელეფონის ეკრანთან. სწორედ ამიტომ, ვეცადეთ ამ ყველაფერს უფრო მეტი აუდიო დატვირთვა ჰქონოდა, ვიდრე ვიზუალური.
ჩვენი პროექტი საზღვარგარეთ აღზრდილი ქართულად მოსაუბრე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს, რადგან ემიგრაციაში ქართული ენის შენარჩუნებისა და თაობებისთვის გადაცემის პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ “ბულბული“ ამ საკითხის გადაჭრას სულ ცოტათი მაინც დაეხმარება და ბავშვებს სწორი ქართული მეტყველების მოსმენისა და უფრო გამართული საუბრის სწავლის საშუალებას მისცემს.”