ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულება 4,50 ლარს გადაცდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, „საქართველოში დიზელის საწვავის დეფიციტია“, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იმპორტის მნიშვნელოვანი შეფერხება.
„დღესდღეობით დიზელის საწვავის ძირითადი მომწოდებელი ჩვენთვის აზერბაიჯანია. უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში აზერბაიჯანი ვეღარ გვაწვდის დიზელის საწვავს, რისი გამომწვევი მთავარი მიზეზი არის ის, რომ აზერბაიჯანში მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გადაიარაღება. დღესდღეობით ამ პროდუქტის იმპორტის 40-45% სწორედ აზერბაიჯანიდან ხორციელდებოდა. მეორე მიზეზი არის რუსეთის ფედერაციიდან შეფერხებული იმპორტი. რუსეთი როგორც აგრესორი ქვეყანა ახლა ომშია და შესაბამისად, ეს საწვავი ომს ხმარდება. ასევე ახლა მიმდინარეობს მოსავლის აღების პროცესი, რაც თავის მხრივ, მოითხოვს დიდი რაოდენობით დიზელის საწვავს. საბოლოო ჯამში ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა საქართველოში დიზელის საწვავის დეფიციტი და შესაბამისად, ფასების ზრდა. ცხადია, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, რომ გადაერთოს ალტერნატიულ მომწოდებლებზე, თუმცა მათი ფასი გაცილებით ძვირია“, – აღნიშნავს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში საწვავის ღირებულება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. 24 თებერვლიდან ამავე თვის ბოლომდე, ყველაზე დაბალი ოქტანობის მქონე „რეგულარის“ ტიპის ბენზინის ფასმა ფსიქოლოგიური 3-ლარიანი ნიშნული გადალახა, ხოლო მარტის თვის დასაწყისში თითქმის 4 ლარს მიუახლოვდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე დიზელის ღირებულების მაჩვენებელმა ბენზინისას გაუსწრო, რაც მძღოლებისათვის გაურკვეველი აღმოჩნდა. საწვავის ფასთან დაკავშირებით, საქართველოში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რასაც ხელისუფლება გამოეხმაურა. პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი აცხადებდნენ, რომ ფასების რეგულირება რთული, მაგრამ შესაძლებელია, რადგან არსებობს იაფი ნავთობის შემოტანის გზებიც. განცხადებებიდან რამდენიმე დღეში, ბენზინისა და დიზელის საფასური დაკორექტირდა და მხოლოდ რამდენიმე თეთრით შემცირდა, რამაც ნაკლებად გააიოლა სიტუაცია.
22 ივნისის მონაცემებით, 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, 3.35-3.60 ლარამდე მერყეობს, „პრემიუმის“ – 3.65-დან 4.10 ლარამდე, „სუპერის“ – 4.15-დან 4.33-მდე, „დიზელის“ – 4.30-დან 4.45-მდე, ხოლო „ევრო-დიზელის“ – 4.50-დან 4.67-მდე. ფასები დამოკიდებულია გასამართი სადგურების ქსელსა და ოქტანობის რიცხვზე.