საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები კვლავაც მცირდება – გასულ 24 საათში ბარელი ბრენტის ღირებულება 100-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა; WTI Crude-ის ფასი კი 95 დოლარამდე შემცირდა, რაც მოკლე პერიოდში ფასების ვარდნის თითქმის 5%-იანი მაჩვენებელია.
ენერგორესურსების ფასების შემცირება, ძირითად, გლობალურ მაკროეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.
დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ფიუჩერსულ კონტრაქტებთან მიმართებითაც. ნავთობის სამომავლო ფასების შემცირება იმაზე მიუთითებს, რომ ტრეიდერები მომავალში ენერგორესურსების კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას პროგნოზირებენ.
ბარელი ნავთობის ფიუჩერსების ფასები თვეების მიხედვით:
2022 წლის აგვისტო – $96.7
2022 წლის სექტემბერი – $96.7
2022 წლის ოქტომბერი – $91.6
2022 წლის ნოემბერი – $89.3
2022 წლის დეკემბერი – $87.5
2023 წლის იანვარი – $86.1
2023 წლის თებერვალი – $84.9
2023 წლის მარტი – $83.6
2023 წლის აპრილი – $81.9
საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასების შემცირების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი აზიის მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების გავრცელებაცაა. აღნიშნული მოვლენა ზრდის იმის რისკის, რომ ჩინეთის მთავრობამ უმსხვილეს ქალაქებში კიდევ ერთხელ დააწესოს მკაცრი რეგულაციები და ლოკდაუნები, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ქვეყნის მასშტაბით მობილობას და საწვავზე მოთხოვნას.
ენერგორესურსებით მოვაჭრეთათვის ნეგატიურ ფაქტორად სახელდება მიმდინარე კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრა OPEC-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდების გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, სავარაუდოდ, ნავთობის ფასებზე ნეგატიური ზეწოლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.