გერმანულმა კომპანია adidas-მა უკაბელო ყურსასმენები, RPT-02 Sol წარადგინა,რომლის მთავარი მახასიათებელი მზის პანელია, რომელიც მოწყობილობის ბატარეის ხანგრძლივობას ზრდის. მზის ენერგიაზე მომუშავე ყურსასმენი Zound Industries-თან თანამშრომლობით შეიქმნა.
გლობალური კომპანია, Zound Industries ბრენდებთან, adidas-თან, Marshall-თან და Urbanears-თან აუდიო ელექტრონულ პროდუქტებს აწარმოებს, რომლის სათაო ოფისიც სტოკჰოლმში მდებარეობს. თავად მზის ბატარეა, Powerfoyle ყურსასმენებისთვის შვედურმა კომპანია Exeger-მა დაამზადა. მას ენერგიის დონის შევსება არა მხოლოდ კაშკაშა მზისგან, არამედ მცირე ხელოვნური განათებითაც შეუძლია.
გაჯეტს საყოფაცხოვრებო ელექტროქსელში დასატენად სტანდარტული USB Type-C კონექტორიც აქვს. მწარმოებელი აცხადებს, რომ მუსიკის მოსმენის დროს ყურსასმენების ბატარეის ხანგრძლივობა 80 საათია.
Adidas RPT-02 Sol გაყიდვაში 23 აგვისტოდან ჩაეშვება. ყურსასმენები 229 დოლარი ეღირება.
მანამდე მზისპანელიანი უკაბელო ყურსასმენების მოდელი, Phoenix შვედურმა კომპანია, Urbanista-მაც წარადგინა. ამ მოდელზე მზის პანელი დამტენის კორპუსის წინა მხარეს მდებარეობს, ხოლო თავად ყურსასმენებს მედიაფაილების დაკვრა რვა საათის განმავლობაში შეუძლია. შვედური მოწყობილობის მთლიანი მუშაობის დრო, დამტენის ბაზის გამოყენების გათვალისწინებით, არის 32 საათი. კარგად განათებულ სივრცეში გატარებული ყოველი საათი ყურსასმენების სამუშაო დროს კიდევ 60 წუთით ზრდის.