თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, N30-N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დაასრულა. ორივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, კათალიკოსის ქ. N30-ში მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდა. მოეწყო კომუნიკაციები და ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები. ამავე ქუჩის N32-ში არსებული შენობა კი კონსტრუქციულად გამაგრდა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, აღდგა დაზიანებული სახურავი და მოწესრიგდა წყლის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებსა და მის დეკორატიულ ელემენტებს, ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით, შენობაში განხორციელდა სრული სარემონტო სამუშაოები და მოეწყო ეზო.
პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი, დაახლოებით, 2 500 000 ლარია.