სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს და შედეგად, ფერმერებმა 17,7 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია 10 მლნ ლარს აღემატება-ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მოსავლის დაბინავების პროცესში, ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებდა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს შეეძლო, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდდნენ.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებდა ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო: შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.