აშშ-ი უცხოელ მოგზაურებს, რომლებიც ქვეყანაში საჰაერო გზით შევლენ, კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს აღარ მოსთხოვს. გადაწყვეტილება ძალაში კვირის ბოლოდან შევა.
როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მიერ მიღწეული „უზარმაზარი პროგრესი“ გახდა. ცნობისთვის, მოგზაურებისთვის კოვიდტესტირების შესახებ რეგულაცია აშშ-მა 2021 წლის იანვარში დააწესა.
ავიაკომპანია Virgin Atlantic-ი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ტრანსატლანტიკურ მოგზაურობას წაახალისებს. კომპანიის კვლევის მიხედვით, კოვიდ-რეგულაციის გაუქმების შედეგად, მიმდინარე წელს, აშშ-ში დამატებით 5.4 მლნ ვიზიტორი ჩავა.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ინდუსტრიას სხვადასხვა კოვიდ-რეგულაციის გამო ზიანი ადგებოდა, ვინაიდან ბევრი მოგზაური თავს იკავებდა ამერიკაში გამგზავრებისგან.